2017 წლის 25 მაისს, საზოგადოებრივი განვითარების აკადემია, შეუერთდა "საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაცია"ს, რომელიც დაადასტურა ხელის მოწერით.
------------------------------
საქართველოს დემოკრატიული განვითარება დიდწილად დამოკიდებულია საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობაზე. საზოგადოებრივი ორგანიზაცია ნებაყოფლობითი, თვითორგანიზებული, დამოუკიდებელი გაერთიანებაა, რომლის უმთავრესი მიზანი საზოგადოებრივი სიკეთის შექმნაა. საზოგადოებრივი ორგანიზაცია, როგორც განვითარების აქტორი, მონაწილეობს დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ხელს უწყობს დადებით, შედეგზე ორიენტირებულ სოციალურ ცვლილებებს სიღარიბის, უთანასწორობისა და მარგინალიზაციის აღმოსაფხვრელად.
წინამდებარე დეკლარაცია წარმოადგენს საქართველოს იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების განაცხადს, რომელთა მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდით, ხელი შეუწყოს ქვეყნის შემდგომ განვითარებასა და ევროპულ ოჯახში სრულფასოვან გაწევრიანებას. აღნიშნული დეკლარაცია საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფართო მონაწილეობითა და ურთიერთშეთანხმებით შექმნილი დოკუმენტია, რომელიც ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ეფექტურობის სტამბოლის პრინციპებს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაცია ათასობით საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ ათწლეულების მანძილზე დაგროვილი საერთო გამოცდილების შედეგია. შესაბამისად, აღნიშნული დეკლარაცია სრულად იზიარებს წინარე გამოცდილებას და ეფუძნება 2005 წელს შექმნილი საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეთიკის კოდექსის ძირითად პრინციპებსა და 2010 წელს ბაკურიანში გამართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ეფექტურობის ეროვნული კონსულტაციის შედეგებს.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაცია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების თვითრეგულირებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც მომავალში მოიაზრებს კონკრეტული მექანიზმების შექმნას, ყოველი პრინციპის უკეთ დაცვისა და ორგანიზაციულ საქმიანობაში მისი ეფექტურად განხორციელებისათვის. მსგავსი პრაქტიკა უკვე არსებობს. 2016 წელს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა დანერგეს მექანიზმი, რომელიც გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების პრინციპებს ეფუძნება.
წინამდებარე დეკლარაციის შესამუშავებლად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აერთიანებდა ამ საკითხით დაინტერესებულ ორგანიზაციებს. სამუშაო ჯგუფმა ერთერთ მთავარ ამოცანად დაისახა მონაწილეობითი პროცესის წარმართვა. 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში რეგიონულ ცენტრებსა (გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ოზურგეთი, ახალციხე, მარნეული, თელავი) და თბილისში გაიმართა სამუშაო შეხვედრები ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, სადაც აღნიშნული დეკლარაციის სამუშაო ვერსიის განხილვები მოეწყო. განხილვებში 200–ზე მეტმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. მათი მოსაზრებები და ინიციატივები სამუშაო ჯგუფმა ასახა დეკლარაციაში. შეჯერებული დოკუმენტი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს 2017 წლის მარტში წარედგინა ხელმოსაწერად.
ძირითადი პრინციპები:
საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები, დემოკრატიული განვითარების პროცესში მათი მონაწილეობის ეფექტურობის გაზრდისთვის, თანხმდებიან შემდეგ პრინციპებზე:
1. ადამიანის უფლებების, თავისუფლების და სოციალური სამართლიანობის დაცვა
საზოგადოებრივი ორგანიზაცია ხელს უწყობს ადამიანის ინდივიდუალური და კოლექტიური უფლებების, მათ შორის - სიცოცხლის, თავისუფლების, განათლების მიღების, განვითარების, ღირსების, ღირსეული სამუშაოს, სოციალური სამართლიანობისა და ადამიანთა შორის თანასწორობის უფლების დაცვას.
2. კანონის უზენაესობა და დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობა
საზოგადოებრივი ორგანიზაცია ისწრაფვის დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს, კანონის უზენაესობის, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობისა და თვითმმართველობის დამკვიდრებისთვის.
3. თანასწორობის აღიარება და დაცვა
საზოგადოებრივი ორგანიზაცია მხარს უჭერს თანასწორობას, იზიარებს თანაბარი მოპყრობის და ანტიდისკრიმინაციულ პრინციპებს, რათა ყველა მარგინალურ და მოწყვლად ჯგუფს ჰქონდეს საკუთარი ინდივიდუალური თუ საერთო უფლებების რეალიზების საშუალება, რაც უზრუნველჰყოფს ყველა ადამიანისთვის თანაბარ შესაძლებლობებს და მათ განვითარების პროცესის სრულყოფილ აქტორებად აქცევს.
4. მდგრადი განვითარების ხელშეწყობა
საზოგადოებრივი ორგანიზაცია საზოგადოების ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ინტერესების გათვალისწინებით, ხელს უწყობს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალ თაობებზე ზრუნვას. იგი, როგორც განვითარების მნიშვნელოვანი აქტორი, ეხმარება სახელმწიფოს უზრუნველჰყოს საზოგადოებრივი კეთილდღეობა, მათ შორის თითოეული ინდივიდისთვის განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა.
5. საზოგადოებრივ პროცესებში მოქალაქეების მონაწილეობა
საზოგადოებრივი ორგანიზაცია გამოხატავს და წარმოადგენს საზოგადოების განსხვავებული ფენებისა და ინტერესთა ჯგუფების მოთხოვნებსა და საჭიროებებს. იგი მხარს უჭერს ადამიანების შესაძლებლობების განვითარებას და მოქალაქეთა სრულფასოვან მონაწილეობას დემოკრატიულ პროცესებში.
6. ცოდნის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება
საზოგადოებრივი ორგანიზაცია ზრუნავს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაზე, სწავლის მეთოდების გაუმჯობესებაზე და თავს უყრის ინფორმაციას სხვადასხვა აქტორის მიერ განხორციელებულ საქმიანობასა და მიღწეულ შედეგებზე, რათა ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია და ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობები.
7. სისტემურ ცვლილებებზე ორიენტირება
საზოგადოებრივი ორგანიზაცია ორიენტირებულია სისტემური ცვლილებების განხორციელებაზე, ხელს უწყობს მდგრადი, დადებითი, გრძელვადიანი შედეგების მიღწევას, რათა უზრუნველჰყოს მყარი მემკვიდრეობა ახლანდელი და მომავალი თაობებისთვის.
8. სამოქალაქო გამბედაობა და პასუხისმგებლობა
საზოგადოებრივი ორგანიზაცია ავლენს სამოქალაქო გამბედაობას და შეურიგებელია ძალადობისა და დისკრიმინაციის ნებისმიერი გამოვლინების მიმართ. იგი ხელს უწყობს საზოგადოებაში სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და მოხალისეობის ზრდას.
9. გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება
საზოგადოებრივი ორგანიზაცია აღიარებს ანგარიშვალდებულებას მისი დამფუძნებლების, წევრების, მხარდამჭერების, დაინტერესებული მხარეების, დონორებისა და ფართო საზოგადოების წინაშე. ინფორმაცია საზოგადოებრივი ორგანიზაციის მისიის, წევრების, საქმიანობისა და დაფინანსების შესახებ ხელმისაწვდომია და გასაგები. საზოგადოებრივი ორგანიზაცია თითოეულ დაინტერესებულ პირთან ურთიერთობისას იყენებს ღია და გასაგებ კომუნიკაციას და არ მოქმედებს ანონიმურად.
10. სოლიდარობა და თანასწორი პარტნიორობა
საზოგადოებრივი ორგანიზაცია ხელს უწყობს თანამშრომლობის ატმოსფეროს და ერთობლივ საქმიანობას სექტორის შიგნით, რათა მიაღწიოს მდგრად დადებით შედეგებსა და მნიშვნელოვან ცვლილებებს საზოგადოებისთვის. მათი თანამშრომლობა ნებაყოფლობითი და თანასწორია, ემყარება განვითარების საერთო მიზნებსა და ღირებულებებს, ურთიერთაღიარებასა და პატივისცემას, ნდობას, ორგანიზაციულ ავტონომიას, გრძელვადიან პარტნიორობასა და სოლიდარობას. კონკურენცია საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის არის ჯანსაღი და ეფუძნება ურთიერთპატივისცემას.
11. ღიაობა და ინოვაციურობა
საზოგადოებრივი ორგანიზაცია აღიარებს აზროვნების მრავალფეროვნებას, ორგანიზაციებისა და მათი მიზნების განსხვავებულობას და ღიაა ახალი და განსხვავებული იდეების, ხედვებისა და მოსაზრებების მიმართ. იგი ნერგავს ინოვაციურ მიდგომებსა და მეთოდებს, რომელიც საერთო მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია.
12. დამოუკიდებლობა და კეთილსინდისიერება
საზოგადოებრივი ორგანიზაცია დამოუკიდებელია საკუთარ საქმიანობაში. იგი თავად განსაზღვრავს საქმიანობის მიზნებს, იღებს გადაწყვეტილებებს და მოქმედებს დამოუკიდებლად. საზოგადოებრივი ორგანიზაცია დაუშვებლად მიიჩნევს პოლიტიკური პარტიების, საჯარო ინსტიტუტებისა და კერძო კომპანიების მხრიდან არაფორმალურ კონტროლს, რათა საფრთხე არ შეექმნას მის დამოუკიდებლობასა და ავტონომიურობას. საზოგადოებრივი ორგანიზაცია ღიად თანამშრომლობს განვითარების სხვა აქტორებთან.
13. ხელისუფლებასთან თანამშრომლობა და კონსტრუქციული ოპონირება
საზოგადოებრივი ორგანიზაცია თანამშრომლობს ხელისუფლებასთან დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრების, საჯარო პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების, საზოგადოების ინფორმირების პროცესში. ამავდროულად, იგი ხელს უწყობს სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის გამჭვირვალობას, ახორციელებს ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგს და კანონისა და დემოკრატიული პრინციპების ნებისმიერ დარღვევაზე ახდენს სწრაფ და ადეკვატურ რეაგირებას.
14. მშვიდობის ხელშეწყობა და დაცვა
საზოგადოებრივი ორგანიზაცია ხელს უწყობს მშვიდობის დამყარებას და კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტას, ემიჯნება და გმობს ყოველგვარ ძალადობას, ტერორიზმს და ოკუპაციას. იგი აღიარებს და იცავს ქვეყნის სუვერენულობას, ტერიტორიულ მთლიანობას და არ თანამშრომლობს ოკუპანტ სახელმწიფოსთან.
15. საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში
საზოგადოებრივი ორგანიზაცია მხარს უჭერს ქვეყნის სრულფასოვან ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. იგი ხელს უწყობს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ევროპულ ოჯახში საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციას.
16. შიდა დემოკრატიის ხელშეწყობა
საზოგადოებრივ ორგანიზაციას აქვს ნათლად გამოკვეთილი და გასაგები მიზნები. მისი მართვა ეფუძნება დემოკრატიულ პრინციპებს, ქვეყნის კანონმდებლობას, ორგანიზაციის წესდებასა და შიდა რეგულაციებს. საზოგადოებრივი ორგანიზაცია ზრუნავს საკუთარი წევრებისა და თანამშრომლების განვითარებაზე, მიისწრაფვის უკეთესი სამოქალაქო საზოგადოების შექმნისაკენ და მონაწილეობითი მიდგომების გამოყენებით, უზრუნველჰყოფს დაინტერესებული მხარეების უშუალო ჩართულობას საკუთარ საქმიანობაში. საზოგადოებრივი ორგანიზაცია ეფექტიანად იყენებს ადამიანურ, მატერიალურ, ტექნიკურ რესურსს და პროფესიონალიზმს, რათა მიაღწიოს მისიით გაცხადებულ მიზნებსა და ამოცანებს. იგი მუდმივად აფასებს საკუთარი საქმიანობის შედეგებს ეფექტურობის, ეფექტიანობის, მდგრადობისა და შედეგზე ორიენტირებულობის მიხედვით.
დეკლარაციასთან მიერთებისა და გასვლის პროცედურები:
საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც აღიარებს ზემოაღნიშნულ პრინციპებს, უერთდება დეკლარაციას. ინფორმაცია დეკლარაციაზე ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესახებ საჯაროა და ხელმისაწვდომი.
საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც აღარ იზიარებს ზემოაღნიშნულ პრინციპებს შეუძლია გაემიჯნოს დეკლარაციას. შესაბამისად, იგი ამოღებული იქნება დეკლარაციის ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციების სიიდან.